მოხევე იაგოს შეუყვარდება ახალგაზრდა ქალი ნუნუ, რომელიც ხანდაზმულ გირგოლასაც მოსწონს. მაგრამ გირგოლას ცოლი ჰყავს და ნუნუს შერთვა არ შეუძლია. გირგოლას ჰყავს ხეიბარი, გონებასუსტი ძმა ნინია, რომელსაც ასევე უყვარს ნუნუ. ხელმწიფის სამსახურში მყოფი გირგოლა გამოიყენებს თავის მდგომარეობას და ნუნუს ძალით დასწერს ჯვარს ნინიაზე, იაგოს კი სრულიად უმიზეზოდ დააჭერინებს. ერთხელაც, გირგოლა სარგებლობს შემთხვევით და ნუნუს აუპატიურებს. შეურაცხყოფილი ქალი თავის დახრჩობას დააპირებს, მაგრამ იაგოს მეგობრები გადაარჩენენ და მამასთან ჩაიყვანენ. საპატიმროდან გამოქცეული იაგო სატრფოს ჩააკითხავს. ბოროტი გირგოლა, ჩაფრებთან ერთად, ალყას შემოარტყამს და ცეცხლს გაუხსნის დუქანში მყოფ იაგოს და მის მეგობრებს. მათი დახოცვის შემდეგ გირგოლა ქურდულად შეიპარება ნუნუს მამის სახლში და თავს გაუჩეხავს მოხუცს, მკვლელობას კი ნუნუს დააბრალებს. უდანაშაულო ქალს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ და ციმბირში გადაასახლებენ. ნუნუ ვერ უძლებს ტანჯვას და იღუპება. იაგოს ძმადნაფიცი კობა შურს იძიებს სასიკვდილოდ დაჭრის გირგოლას და მის მფარველ დიამბეგს.