პირველი სერია
უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული თარაშ ემხვარი ტარიელ შერვაშიძის ოჯახს ეწვევა, სადაც სიყრმის მეგობარი თამარი ეგულება. შერვაშიძეებს თარაშის გამზრდელი და ძიძიშვილი, კაც და არზაყან ზვამბაიებიც სტუმრობენ. არზაყანს კომკავშირლობისა და სოფლის კოლექტივიზაციაში მონაწილეობისათვის ძმები თარბები მოსაკლავად დასდევენ. მას უსიამოვნება აქვს მამასთანაც, რომელსაც არ სურს ქონება კოლექტივს გაუნაწილოს. არზაყანისგან განსხვავებით, თარაში ახალ ცხოვრებაში თავის ადგილს ვერ ხედავს. მისი ერთადერთი იმედი თამარია. თამარი მამასთან ერთად თბილისს მიემგზავრება.
მეორე სერია
თარაშს აღიზიანებს თამარის სწრაფვა გართობისკენ, სთხოვს შეინარჩუნოს მისთვის ძვირფასი ოცნების ქალიშვილის სახე და რაკი თამარი ნაწნავებს მაინც მოიკვეცს, მაინც არ დასთმობს ქალაქური ცხოვრების წესს, იმედგაცრუებული სოფელს უბრუნდება. კაც ზვამბაია შეიტყობს, რომ მას გაკულაკებას უპირებენ და საკუთარი ხელით ხოცავს ხარებს. შეთქმულები მისი ოჯახის ამოწყვეტას გადაწყვეტენ. არზაყანს და თარაშს თავდამსხმელები, ძმები თარბები შემოაკვდებიან და იძულებულნი ხდებიან თავი სვანეთს შეაფარონ. როდესაც თარაში იგებს, რომ ფეხმძიმე თამარი კვდება, მის სანახავად წასვლას გადაწყვეტს, ენგურის გადალახვას დააპირებს, მაგრამ მდინარე ცხენიანად შთანთქავს მხედარს.