სოფელში ჩამოსულ ცნობილ ქირურგს, ნინოს, დაჭრილისთვის ოპერაციის გაკეთებას სთხოვენ. ნინო დაჭრილში ყოფილ ქმარს, აკიას ამოიცნობს და მძიმე წარსული თვალწინ დაუდგება: ბობოლა გლეხის, ალმასხანის შვილი აკია დაობლებულ ნინოს ნამუსს ახდის. ალმასხანი შვილს ნინოს ცოლად შერთვას აიძულებს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მოძულე აკია მალე თურქეთში გადაიხვეწება. ბოლშევიკებისგან შევიწროებას ვეღარც ალმასხანი გაუძლებს - სახლს ცეცხლს წაუკიდებს და გაქცევას დააპირებს, მაგრამ ცეცხლში თავადვე დაიღუპება. ხანძრის დროს იღუპება ნინოს პატარა შვილიც. ქალი სოფელს მიატოვებს, ახალი ცხოვრების დასაწყებად ქალაქში გაემგზავრება და ექიმი გახდება.