ყმა ქალის უკანონო შვილი დურმიშხანი, რომელიც ძალით წაართვეს დედას, თავად მუხრანბატონის კარზე იზრდება. აქ მას შეუყვარდება ახალგაზრდა მხევალი ქალი ვარდუა და მის ცოლად შერთვას განიზრახავს. ვარდუას დახმარებით დურმიშხანი თავადის მეუღლისგან სავაჭროდ გამგზავრების ნებართვას იღებს, რათა ყმობისგან გასათავისუფლებლად ფული დააგროვოს. გზაში დურმიშხანი შეხვდება სურამელ ვაჭარს ოსმან აღას, რომელსაც თავის თავგადასავალს უამბობს. ოსმან აღას მოეწონება დურმიშხანი და ნოქრად აიყვანს. გადის დრო. ოსმან აღა დურმიშხანს თავის ნათლულს შერთავს ცოლად და ქონებასაც უანდერძებს. გაწბილებული ვარდუა გადაწყვეტს, შური იძიოს. ამ მიზნით შეისწავლის მკითხაობას და მალე განთქმული მკითხავის სახელს მოიხვეჭს. მას მიმართავენ რჩევისთვის სურამის ციხის მშენებლები, რომლებიც ვერაფრით ახერხებენ კედლების ამოყვანას. ვარდუას რჩევით დურმიშხანის ვაჟს ზურაბს ცოცხლად ჩაატანენ ციხის კედელში. გამწარებული მამა შურის საძიებლად მკითხავთან მიიჭრება. ვარდუა გაოგნებულ დურმიშხანს ზურგში ჩასცემს დანას და თვითონაც თავს იკლავს.