გუდამაყრელი ჩოხელები უცნაური ხალხია - საერთო სახლის აშენებაზე ოცნებობენ. დარდების შემგროვებელიც ჰყავთ – გამიხარდაი. ერთხელ დედაკაცი ამბავს მოიტანს – მეზობელ სოფელში ჩოხელებისთვის საპატარძლოს მიცემაზე უარი უთქვამთ. შეურაცხყოფილი ჩოხელები ქალ-კაციანა აიყრებიან და უარისმთქმელთ ყიჟინით თავს დაესხმიან. დაამარცხებენ და პირობას ჩამოართმევენ – ამიერიდან ჩოხელებისთვის უარის თქმა აღარ გაბედონ. გამარჯვებულებს "ომი" მალე მოსწყინდებათ, ოჯახებს დანატრებულნი, გზად გამიხარდაის შეგროვილ დარდებს მთის წვერზე მჯდომ თეთრნაბადა მოხუცს მიართმევენ გასაქარვებლად. მოხუცი ყველაზე მთავარს – ქვეყნის აღსასრულის მოახლოებაზე საყოველთაო დარდს ამოარჩევს.