ქალაქ სალხინეთში რესტორნების, სახინკლე-სამწვადეების, სმა-ჭამის კულტია გამეფებული. ხალისით იმართება ჩაქაფულის, ხაშლამის და სხვა კულინარიული კონკურსები. ცნობილი მომღერალი ქალი მაკრო გადაწყვეტს, ღორმუცელების ქალაქს სულიერების სხივი მოფინოს და საჩუქრად სურათების ძვირფასი კოლექცია გადასცეს. სურათების გამოსაფენად რესტორნის ახალაშენებულ შენობას შეარჩევს, მაგრამ რესტორნის პატრონებს შენობის დათმობა არ სურთ. მაკრო ეშმაკობით მოახერხებს მოწინააღმდეგეთა დაყოლიებას და სალხინეთელები სურათებს ახალ მუზეუმში გადაზიდავენ.