მიხეილ კალატოზოვი
დაიბადა 1903 წლის 28 დეკემბერს ქ. თბილისში. კინოში მოღვაწეობა კინომექანიკოსობით დაიწყო. შემდეგ სამსახიობო ოსტატობის დაუფლების მიზნით ივანე პერესტიანის კინოსამსახიობო სტუდიაში შევიდა. პერესტიანმა ორ ეპიზოდურ როლში გამოსცადა –ფილმში "სამი სიცოცხლე" (გემზე ესმას დედასთან ერთად ცეკვავს), ფილმში "ჩვენი ქვეყნის რაინდი" (ტარიელის მეგობრის როლს თამაშობს). 1925 წელს კალატოზიშვილი მონაწილეობას იღებს ფილმის "ვინ არის დამნაშავე" გადაღებაში, ოპერატორ ს. ზაბოზლაევის ასისტენტად მუშაობს. 1926 წელს კალატოზიშვილი ნიკოლოზ შენგელაიასთან და ლევ პუშთან ერთად წერს სცენარს შიო არაგვისპირელის მოთხრობის "გიულის" მიხედვით. 1927 წელს იგი "ზაჰესის" ქრონიკას იღებს და დამოუკიდებლად ქმნის კინოლენტს "ცხენები". ამავე წელს კინორეჟისორი ლევ კულეშოვი კალატოზიშვილს ფილმის "ორთქლმავალი დ 1000" ოპერატორად იწვევს. ფილმის გადაღება შეჩერდა. 1928 წელს ნუცა ღოღობერიძესთან ერთად 1918–1920 წლების კინოქრონიკის მასალების საფუძველზე ქმნის დოკუმენტურ ფილმს "მათი სამეფო". 1929 წელს კალატოზიშვილი მიემგზავრება სვანეთში და იღებს ფილმს "უსინათლო". საბჭოთა მთავრობამ სურათი „ფორმალისტურ" ნაწარმოებად მიიჩნია და ეკრანებზე მისი გაშვება აკრძალა. უსინათლოს გამოუყენებელი კადრებისგან და სვანეთში გადაღებული სხვა მასალისგან კალატოზიშვილი ქმნის ფილმს "ჯიმ შვანთე" ანუ "მარილი სვანეთს". 1934–1936 წლებში იგი "სახკინმრეწვის" დირექტორია. 1936 წელს კალატოზიშვილი ტოვებს საქართველოს და ლენინგრადში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიის ასპირანტურა. 1937 წლიდან იყო კინოსტუდია "ლენფილმის" , ხოლო 1943 წლიდან კინოსტუდია "მოსფილმის" რეჟისორი. 1944-1946 წლებში იყო კინოწარმოების მთავარი კომიტეტის უფროსი, 1946-1948 წლებში საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969), დაჯილდოებულია სტალინური პრემიით (1951). მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია (1950-58). საბჭოთა კინოს ისტორიაში ვერავინ მოხსნა მისი რეკორდი, "მიფრინავენ წეროები" ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელმაც მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "გრან–პრი" (1958).
2005 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად ფილმი "მიფრინავენ წეროები" ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა (სტატია "ყველა დროის რეჟისორი", ავტორი: გიორგი გვახარია, ჟურნალი ”კინო” №3, 2007 წ.).
მიხეილ კალატოზიშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 27 მარტს, მოსკოვში.