ფილმი შენახულია არასრულად. ფილმის მოქმედება სამხრეთ რუსეთში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. მეგობრები ილია, ტანია და თევდორე შეიტყობენ, რომ საიდუმლო კონტრ რევოლუციურ ორგანიზაციას, რომელსაც გემის უფროსი კლეშჩუკი მეთაურობს, საბჭოთა ხელისუფლებისგან გადამალული აქვს დიდძალი განძი. ტანია შეაღწევს საიდუმლო მონასტერში, სადაც მეგობრებს განძი ეგულებათ. აქ ტანიას შეუსწრებს კლეშჩუკი და სარდაფში ჩაამწყვდევს. ამასობაში წითელი არმიის ნაწილები ალყას შემოარტყამენ თეთრგვარდიელთა ბანაკს. ტანია მონასტრიდან გაიქცევა და მეგობრებთან ერთად განაგრძობს განძის ძებნას. ისინი თეთრგვარდიელების ბანაკში შეაღწევენ, მიაკვლევენ კლეშჩუკს და ხელთ იგდებენ მისი ბინის გასაღებს. მეგობრები მალულად შედიან კლეშჩუკის ბინაში, იპოვიან გადამალულ განძეულობას და საბჭოთა სახელმწიფოს ჩააბარებენ.