ფილმი მოგვითხრობს მახნოს ბანდების წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა წითელარმიელის თავგადასავალს. გასული საუკუნის 20იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, უკრაინის ერთერთ დაბაში ცხოვრობს რკინიგზის მუშა პეტროვი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს მიშა და დუნიაშა. ბავშვები ვოინიჩისა და კუპერის რომანების კითხვით არიან გატაცებულები. მოულოდნელად დაბას მახნოელები დაესხმიან თავს. ბანდიტებთან ბრძოლაში იღუპება პეტროვი, რომელიც სიკვდილის წინ შვილებს უბარებს, ბრძოლა განაგრძონ და შური იძიონ ბანდიტებზე. მიშა და დუნიაშა ფიცს დებენ. ბავშვების შეგნებაში სათავგადასავალო რომანების რომანტიკა სინამდვილეს უკავშირდება. მათთვის ნათელი ხდება ბრძოლის საბოლოო მიზანი. უკრაინის ტრამალებში მიშა და დუნიაშა შავკანიან ტომ ჯაკსონს ხვდებიან, რომელიც მათი ერთგული მეგობარი ხდება. მრავალი ფათერაკის შემდეგ მეგობრები ბუდიონის არმიაში ხვდებიან, სადაც მათ მზვერავებად ჩარიცხავენ. სიმამაცე, გამჭრიახობა, ერთგულება ბევრჯერ იხსნის მზვერავებს მძიმე განსაცდელისგან. ბოლოს ისინი თვით მახნოს შეიპყრობენ და ბუდიონის ბანაკში მიიყვანენ. მამაცობისა და საბრძოლო დამსახურებისათვის მიშას, დუნიაშასა და ტომ ჯაკსონს ორდენებით აჯილდოებენ.