თბილისელი მუსიკოსების ჯგუფი ზაფხულის გასატარებლად სოფელში ჩადის. ახალგაზრდები ისვენებენ, სეირნობენ, მეცადინეობენ, მომავალი საკონცერტო სეზონისთვის ახალ პროგრამას ამზადებენ... მათი მასპინძელი სოფლელების ცხოვრება ყოველდღიური საზრუნავით არის დატვირთული – მეურნეობის მოვლა, ახალი სახლის მშენებლობა, მეზობლებთან დავა... მასპინძლები და სტუმრები თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროდან არიან, თითქოს არც აინტერესებთ ერთმანეთი. ზაფხული იწურება და ისინი ისე სცილდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კავშირი, სულიერი კონტაქტი არ მყარდება.