დაიბადა თბილისში 1936 წლის 21 ივლისს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ფორტეპიანო). შემოქმდებითი მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. პროფესიულ ესტრადაზე გამოვიდა 1959 წელს. 1959-64 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის “რეროს”, 1964-80 წლებში ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის “ორერას” სოლისტი. 1980-დან გამოდის სოლო კონცერტებით. არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), ღირსების ორდენის კავალერი (1996), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6 მსოფლიო ფესტივალისა (1957, მოსკოვი) და საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (1972) ლაურეატი. 1999 წელს დაასახელეს XX საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერალ ქალად საქართველოში. 2000 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. პრემია. მოსკოვსა და თბილისში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი. 1995 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.