მეორე მსოფლიო ომი. გურიის სოფელს მის მახლობლად დაბანაკებული ბოშების ხმაური გამოაცოცხლებს, კოცონის გარშემო ნამღერი სიმღერები სოფლის ბავშვებს მიიზიდავს, მჭედელს საქმე არ ელევა, გურული ქალები მკითხავისგან ფრონტზე მყოფი ახლობლების ბედის გაგებას ცდილობენ, სანაცვლოდ კი ბოშებს საჭმელ–სასმელს აწვდიან. ახალშობილ ბოშა ბიჭს დაღუპული თანასოფლელის სახელს დაარქმევენ... ბოშები როგორც მოვიდნენ, ისე ჩუმად გაიპარებიან, მასპინძლების საქონელს და ნივთებსაც თან გაიყოლებენ. გურულები აღშფოთდებიან, მაგრამ როდესაც ბოშებს მილიცია დააკავებს ქურდობისთვის, იტყვიან, რომ მათ ყველაფერი თვითონ აჩუქეს.