ფილმი მესაზღვრეთა ხიფათიან ცხოვრებას ასახავს. ავთანდილ ჯაყელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს საზღვრისპირა სოფელში იხდის. ხშირად იგონებს დედ-მამას, მეგობრებს, მეზობელ გოგონას, დადუნას... მასზე ძლიერ იმოქმედებს მეგობარი ჯარისკაცის, შჩერბინას დაღუპვა. თბილისში შვებულებით ჩამოსულ ჯაყელს დადუნა თავის მეგობრებთან დაპატიჟებს. ჯაყელს აღიზიანებს ამ ახალგაზრდების უდარდელობა. იგი მათ ჯარისკაც შჩერბინას დაღუპვის წინ დაწერილ წერილს წაუკითხავს და ჩააფიქრებს. ავთანდილი შვებულების დამთავრებისთანავე ნაწილში დაბრუნდება და სავალდებულო სამსახურს გააგრძელებს.