ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა კავშირში უცხოელი ავანტიურისტებისა და თეთრგვარდიელების დივერსიულ საქმიანობაზე. მოქმედება 20-იანი წლების დასაწყისში ბაქოსა და პარიზში ხდება. საფრანგეთში გახიზნული თავად შირვანსკის ასული, ნავთობის დიდი სარეწაოების ყოფილი მფლობელი, უკავშირდება უცხოელ ანტისაბჭოთა ჯგუფებს, მათ შორის საერთაშორისო ავანტიურისტებს - ინჟინერ დუგლას მაკლინს და იალმარ რუმანესკუს. დუგლას მაკლინი მომწამლავი გაზის გამოგონებაზე მუშაობს. მალე ამ გაზის პრაქტიკული გამოცდა ხდება საჭირო. შირვანსკაია ურჩევს მაკლინს მასთან ერთად გაემგზავროს საბჭოთა კავშირში და ოპერაცია იქ ჩაატაროს. შირვანსკაიას გადაწყვეტილი აქვს, უცხოელებს საკუთარი ნავთობის სარეწაოები მიჰყიდოს. უცხოელებიც ინტერესს იჩენენ სარეწაოების მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამხობის იმედით, მაგრამ სავაჭრო გარიგებას დაბრკოლება ეღობება. შირვანსკაიას საკუთრების დამამტკიცებელი საბუთები მისი ყოფილი სასახლის სარდაფშია დამარხული. თავად შირვანსკაიას ასული, დუგლას მაკლინი და იალმარ რუმანესკუ ცირკის მსახიობთა სახელით ბაქოში ჩადიან და საბუთების ხელში ჩაგდებას ცდილობენ- რაც მარცხით სრულდება. ყოფილი მესაკუთრე გადაწყვეტს გადაწვას საერწაოები, დივერსიაში აქტიურად მონაწილეობს მაკლინი და თავს გამოგონებას იყენებს. ნავთობის სარეწაოები ცეცხლში ეხვევა, დივერსანტები კი გარბიან.