დაიბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. 1944–1945 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი ტოვსტონოგოვის სახელოსნო). 1945–1950 წლებში სწავლობდა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, სადიპლომო ნამუშევარი – "დასავლეთის საზღვარი" (დადგა ვილნიუსის დრამატულ თეატრში). 1951–1952 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ოსტატობის პედაგოგად. სხვადასხვა დროს იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე (1984 წლიდან), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1971), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), კინემატოგრაფისტთა წევრია 1979 წლიდან. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "დათა თუთაშხია", შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "წიგნი ფიცისა"(1983), საქართველოს სახელმწიფო პრემია სპექტაკლისთვის "ქეთო და კოტე" (1993). არის ორი საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში, რუსთავის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი.