დაიბადა თბილისში 1945 წლის 9 აპრილს. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი კომპოზიციის განხრით (პროფ. ალექსი მაჭავარიანის კლასი). 1963-1972 წლებში მუშაობდა პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ სტუდიაში პედაგოგად, ხოლო 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრის მუსიკალურ განყოფილებას. 1976 წლიდან საქართველოს და საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრია. 1979-1985 წლებში არჩეულ იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1991 წელს კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან ერთად დაარსა გაზეთი ”მუსიკა”, რომლის მთავარი რედაქტორიცაა დღემდე.