ახალგაზრდა კაცი ტროტუარზე ზის და მათხოვრობს. გამვლელები უხალისოდ უყრიან ხურდას ფეხებთან დაგდებულ ქუდში. პატარა გოგონას ეცოდება მათხოვარი და მისთვის ფულის შესაგროვებლად ეზოში შეკრებილ ბავშვებს "საქველმოქმედო წარმოდგენას" უმართავს. მაყურებლები გოგონას ფულის ნაცვლად ქაღალდის ნაგლეჯებს აძლევენ, რომლებსაც ფლომასტერით ციფრები აწერია. შეგროვილ "თანხას" გოგონა მათხოვარს აძლევს და ხტუნვე–ხტუნვით ბრუნდება სახლში. ქუდში ჩაყრილი ქაღალდები მოულოდნელად ლარებად გადაიქცევა. გაოგნებული ახალგაზრდა კაცი თვალებს არ უჯერებს, ფულს ამოწმებს და რწმუნდება, რომ ხელში ნაღდი კუპიურები უჭირავს.