1944 წლის 14 ნოემბერს თურქეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 220 სოფლიდან ასიათასამდე ადამიანი ერთ ღამეში აყარეს და შუა აზიის დაუსახლებელ სტეპებში სამუდამოდ გადაასახლეს. ადგილობრივ მუსულმანებს ბრალი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დასდეს. გასახლების საიდუმლო ინსტრუქტაჟში ისინი თურქებად არიან მოხსენიებულნი.