დაიბადა სოფ. პატარძეულში (საგარეჯოს რ-ნი) 1900 წლის 8 იანვარს. 1907 წელს მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. რედაქტორობდა სემინარიაში გამოცემულ ხელნაწერ ჟურნალებს. 1916 წელს მან დააარსა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი", ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი "ბახტრიონი". 1919 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში. 1931 წელს მისი თაოსნობით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად. 1950-54 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.