პირველი ქართველი კინოოპერატორი – რეჟისორი. დაიბადა 1886 წლის 14 მარტს, ქ. ქუთაისში. 1900 წელს შევიდა ვ. ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის შესასწავლად. 1907 წლიდან მუშაობდა ბაქოში კინომექანიკოსად პარალელურად იღებს კინოსიუჟეტებს, რითაც დგება ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან. 1908 წელს დაამთავრა ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილების კურსები. ამაშუკელი პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტია. მისი ფილმები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით. 1908 წელს ბაქოში შექმნა ფილმები: "ქართველი სცენის მოღვაწენი", "გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან ს. ესაძის მეთაურობით", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით" და სხვა. 1908-1911 წელს გადაიღო ფილმები: "ნახეთ თქვენი სახე" (1908), "გასეირნება ზღვის სანაპიროზე" (1908), "ქუთაისის პეიზაჟები" (1911), "ქუთაისის პარკი" (1911), "ქუთაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფ. ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. გადაღება გრძელდებოდა 12 დღეს 40 კილოგრამიანი კინოკამერით, მწერალმა და ოპერატორმა ფეხით ორასზე მეტი კილომეტრი გაიარეს, პირველი ჩვენება შედგა ქუთაისში. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ დოკუმენტურ კინემატორგაფიას. 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. სიცოცხლის ბოლოს 1977 წელს როგორც კონსულტანტმა მონაწილეობა მიიღო ლიანა ელიავას ფილმის "სინემას" გადაღებაში. ვასილ ამაშუკელი გარდაიცვალა 1977 წლის 1 დეკემბერს.