ფილმი - „ჩიტები“, შესაძლებელ, რეალური ამბების მხატვრულ ასახვას გადმოგვცემს, მაგრამ ამავე დროს, ალეგორიული შინაარსისაც არის. ფილმის გმირები: ივანე და მიხეილი, ბუნებასთან უშუალო კავშირში, თავისებურად აცნობიერებენ საკრალურ კავშირს სამყაროსთან, ადამიანებთან და უფალთან. მათი საქციელი კი - შესაძლოა ზნეობრივი მაგალითიც კი გახდეს... ფილმის მთავარი გმირი - ივანე, ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს, ან ამა თუ იმ მიზეზით დაზიანებულ ფრინველს წააწყდება, რომელსაც ფრენა აღარ შეუძლია, შინ მიყავს, მკურნალობს, უვლის, მაგრამ, შემდეგ, როცა ისინი უკვე გამოჯანმრთელდებიან, ეჩვევა მათ, ენანება მათი გაშვება და თავისთან იტოვებს. ფილმის მეორე, მთავარი მომქმედი პერსონაჟი - მიხო, ივანესგან განსხვავებით - მიუსაფარი კაცია, რომლის წლოვანების დადგენა, ერთი შეხედვით გაგიჭირდებათ. ეს ორი, განსხვავებული ხასიათის ადამიანი, ივანე და მიხო, ღამით, სოფლის ქვის ხიდზე შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. მიხო ფრინველების გათავისუფლებას სთავაზობს, რასაც ივანე თანხმდება. მიხო მას უხსნის, რომ - თუ უნდა ცოდვისგან საშვილიშვილოდ გათავისუფლება, მარტო ფრინველების გაშვება არ კმარა - თივის დაწვაც აუცილებელიაო. ივანე ამასაც დიდი ხალისით თანხმდება. ალიონზე, ჩვენ ვხედავთ, როგორ უკიდია ივანეს ნაკვეთში თივას ცეცხლი. ვარსკვლავების და ცეცხლის ალის ფონზე, ივანე ჩიტებს ათავისუფლებს. მზე ამოდის. უამრავი სხვადასხვა ფერის და ზომის ჩიტი, საამური ჭიკჭიკით ცად აიჭრებიან…ისინი უბრუნდებიან სამყაროში თავის კუთვნილ ადგილს - ცას...
ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით.
ფილმი ეძღვნება გიორგი შენგელაიას ხსოვნას.