საქართველოს ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის (ჯანსახკომის) შეკვეთით გადაღებული ფილმი, სამაგალითო საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიურ სახეს წარმოაჩენს და მაყურებელს - პირველ რიგში, სოფლად მცხოვრებ გლეხს - ახალი, კულტურული ცხოვრების დაწყებისკენ მოუწოდებს. "კულტურული ცხოვრების უმთავრესი პირობა ჰიგიენის დაცვაა", ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი ქალი და ამ მითითებას გლეხებისგან შემდგარ აუდიტორიას განუმარტავს. ჰიგიენის ნორმების დამკვიდრების უკეთ ჩვენების მიზნით, რეჟისორი არც შიშველი სხეულის გადაღებას ერიდება. ჯანსაღი სხეულის იდეის კულტივაცია ვიზუალური რეპრეზენტაციის თანხლებით ხდება.