XVIII საუკუნის ბოლოს ოსმალეთის იმპერიის, საფრანგეთის, ინგლისისა და რუსეთის იმპერიების ინტერესები ევროპიდან ინდოეთისაკენ მიმავალ უმოკლეს მარშრუტზე – ეგვიპტეზე იკვეთება. ეგვიპტის მამლუქი ბეგები კი ეგვიპტის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. ეს ის პერიოდია, როცა მამლუქ ბეგთა იერარქიის უმაღლეს საფეხურს საქართველოდან გატაცებული, მონებად გაყიდული და შემდგომში აღზევებული პირები შეადგენენ. ქართული წარმოშობის ბეგების ნაწილი ოსმალთა იმპერიის მხარეზეა, ნაწილი კი დამოუკიდებელი ეგვიპტის შექმნისთვის იბრძვის. ამავე დროს, ისინი არც თავიანთ სამშობლოს ივიწყებენ.