დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს, ქ. თბილისში, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის და მხატვარ ფანი ჯიბლაძის ოჯახში. მან ღირსეულად გააგრძელა ორივე მშობლის შემოქმედებითი გზა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, სპეციალობით ფორტეპიანო (მარია იუდინისა და ლევ ობორინის კლასი). მცირე ხანს იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. 1960 წელს გახდა ამიერკავკასიის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი. იგი იყო პიანისტი და ამავე დროს ორიგინალური ტალანტის მქონე მხატვარი. გამართული აქვს მრავალი სოლოკონცერტი და სურათების გამოფენა თბილისში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.