დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს სოფ. გურიანთაში (ოზურგეთის რაიონი) . 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ოზურგეთის (მახარაძის) მე–3 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1963 წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1994 წელს დაარსა ქართული ემიგრაციის მუზეუმი. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ორჯერ 1995 და 1999 წლებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996-1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს სახელმწიფო, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. დაჯილდოებულია უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.