დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს სოფ. ჯუგაანში (სიღნაღის რ-ნი). დაწყებითი განათლება მიიღო ჯუგაანში, შემდეგ სწავლობდა ხისრის მონასტრის სამრევლო სკოლაში, 1905–06 წ.წ. - თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (პედაგოგი ოსკარ შმერლინგი), 1907 წელს - ქართულ გიმნაზიაში. 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა საზღვარგარეთ – შვეიცარიაში – ციურიხში. შემდეგ გადავიდა ბერლინში, იქიდან ლაიფციგში, სადაც 1914 წლამდე დარჩა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო გაზეთ "საქართველოს" გამოცემა, 1917 წელს იყო ჟურნალ "მერანის" რედაქტორი, 1927 წლამდე მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მდივნად.