დაიბადა 1923 წლის 18 იანვარს სოფელ მოხისში (ქარელის რაიონი). 1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1952–1957 წლებში მუშაობდა რიგის (ლატვია) რუსულ დრამატულ თეატრში რეჟისორად. 1957–1958 წლებში მიწვეული იყო რეჟისორად ლვოვის (უკრაინა) კარპატების სამხედრო ოლქის რუსულ დრამატულ თეატრში. 1958–1959 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1959–1976 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ტელევიზიაში მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე, ხოლო 1976 წლიდან ცენტრალური ტელევიზიის ლიტერატურული პროგრამების მთავარი რედაქციის რეჟისორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).