დაიბადა 1898 წლის 28 ნოემბერს სოფელ ფუთში (ზესტაფონის რაიონი). ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. 1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1920-1928 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, 1928-1932 წლებში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ჯერ ქუთაისის, შემდგომ კი თბილისის თეატრში მსახიობად. მისი ინიციატივით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 35 წლამდე, იყო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1933). საქართველოს სახალხო არტისტი (1935).