დაიბადა 1879 წელს უკრაინაში. დაამთავრა კიევის კლასიკური გიმნაზია, პარალელურად ხატვასა და ფერწერას სწავლობდა ცნობილ მხატვარ დაშილოვთან. 1905 წელს გაემგზავრა პარიზში, შევიდა სამხატვრო აკადემიაში. 1906-07 წლებში სწავლობდა მხატვრების: დელაკლუზის, პოლ ბონარის, ერნსტ ლორანის და კარმონის სახელოსნოებში. 1911 წელს პარიზში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. 1912 წელს მან თავისი ნაშრომები გამოფინა ვისბადენში Salon Banger. 1912 წლის ბოლოს დაბრუნდა კიევში. პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა როგორც მხატვარი-კორესპონდენტი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე და ფეხში დაჭრის შემდეგ მოხვდა დემობილიზაციაში. კიევში დაბრუნების შემდეგ ბ. რომანოვსკიმ ჩამოაყალიბა უკრაინის მხატვართა კავშირი და 1921 წლამდე იყო მისი თავმჯდომარე. 1918-1925 წლებში ბ. რომანოვსკი მუშაობდა კიევის თეატრებში. საოპერო თეატრში იყო დამდგმელი მხატვარი ოპერებისა: "რუსალკა”, "ზღაპარი მეფე სალტანზე”, "ტარას ბულბა”. ეს უკანასკნელი კოტე მარჯანიშვილთან ერთად. უნდა ვიგულისხმოთ, რომ გამოჩენილ ქართველ რეჟისორთან კოტე მარჯანიშვილთან ურთიერთობამ გადაწყვიტა მისი თბილისში გადმოსახლება. 1925 წელს ის უკვე თბილისშია, მუშაობს წითელი თეატრის ბავშვთა სექტორში, აგრეთვე გამომცემლობებსა და "ქართულ ფილმში”. 1929 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა საქართველოს მხატვართა საზოგადოების შენობაში (სასტუმრო "ორიენტი”). 1927 წელს ბ. რომანოვსკიმ შეკვეთა მიიღო თბილისის კომუნალური მუზეუმისგან აკვარელების სერიაზე ძველი თბილისის თემებზე, 1931 წელს იგი გადასახლდა ტაშკენტში, სადაც მუშაობდა სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში დამდგმელ მხატვრად, მაგრამ დაავადდა და 1934 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1935 წელს ის ასწავლიდა ფერწერასა და ხატვას სუხუმის სამხატვრო სკოლაში. 1937-41 წლებში მუშაობდა კონოსტუდია "ქართულ-ფილმში”. რეჟისორ ს. დოლიძის ფილმზე "არწივთა საბუდარი” რომანოვსკი მუშაობდა მხატვარ შ. მამალაძესთან ერთად (ფილმი ეკრანზე არ გამოსულა), 1947 წელს ბ. რომანოვსკი წავიდა კიევში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.