დაიბადა 1942 წლის 10 აპრილს თბილისში. 1960–1968 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სათეატრო სახელოსნოში. 1965 წელს მუშაობა დაიწყო ქართულ პროფესიულ თეატრებში (მარჯანიშვილის, რუსთავის, ჭიათურის, რუსთაველის, მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის) დამდგმელ მხატვრად. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები ერევნის დრამატულ თეატრში, სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საარბრიუკენის (გერმანია) დიდ საოპერო თეატრში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში. 1977 წლიდან მუშაობდა რეჟისორად რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1984–1988 წლებში მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ტელევიზიაში. ავტორია მრავალი მონოსპექტაკლისა და სატელევიზიო გადაცემისა.