ზღაპრებიც ადამიანის მოგონილი სინამდვილეა უთვისტომო მოხუცი მწყემსი ციხელი, ბავშვებს დაუახლოვდება და ზღაპრულ ამბებს უყვება მათ. დამაჯერებლობისთვის ის მათ სახლში წაყვანას და ჯადოქარი შვილობილისა და ჯადოსნური ნივთების ჩვენებას ჰპირდება. ბავშვები სიზმრებშიც ციხელის მონათხრობს ხედავენ და საოცნებო სანახაობას მოუთმენლად ელიან. ციხელს კი, სხვადასხვა მიზეზით, სამომავლოდ გადააქვს მათი სახლში მიწვევა. მოთმინება დაკარგული ბავშვები ერთხელაც ციხელს უკან გაჰყვებიან და მის სახლში შევლენ. იქ ციხელის უბადრუკი, ცარიელი სახლის გარდა, არაფერი ხვდებათ. მოხუცი ბავშვებს უხსნის, რომ ჯადოსნური ამბები და ნივთები მართლაც არსებობს და თუკი მათ დიდი სურვილი და მონდომება ექნებათ, ყველა ოცნება აუხდებათ.