სვანური დღესასწაული "ლიჩანიშობა" სოფელ ჰადიშიდან 4 კმ-ში, მთის ძირში იმართება. ამ დღეს მომლოცველები წმინდა გიორგის ვაჟებს შესთხოვენ. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მთხოვნელებს ვაჟი რომ არ შესძენოდათ. ამიტომ ყოველ მომდევნო წელს ვაჟების მამებს "ლიჩანიშობის" დღესასწაულზე 7-8 მეტრის სიმაღლის ფიჭვის ან ნაძვის ხის სარები (ღვატები) მოაქვთ, სარებზე მიბმულ დროშებზე კი ახალდაბადებული ვაჟების სახელები და გვარები წერია. ლოცვის შემდეგ მლოცველები სარებს აღმართავენ და შეძახილებით იმ წელს დაბადებულ ვაჟებს ლოცავენ.