ამერიკაში არალეგალურად მყოფ ქართველ ქალებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოხუცების 24-საათიან მომვლელებად მუშაობენ და გამომუშავებული ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ, თვეში მხოლოდ ერთი დასვენების დღე აქვთ, რომელსაც ისინი ერთად ატარებენ ბრუკლინში მდებარე არალეგალურ სასტუმროში. ეს არის დღე, როდესაც ქართველი ქალები ცდილობენ დაივიწყონ თავისი მძიმე ყოფა, რომელიც ხშირად მონობას გავს. დაივიწყონ ის, რომ უკვე მრავალი წელია არ უნახავთ საქართველოში დარჩენილი ქმრები და შვილები, რომლებიც ისე შეეჩვიენ ამერიკიდან გამოგზავნილ ფულს, რომ თითქოს აღარც ელიან ქალების შინ დაბრუნებას.