ფილმი შედგება ნოველებისგან:
- 1. ნოდიკოს და სალომეს პირველი ღამე აქვთ ქორწილის შემდეგ ფეშენებელური სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში – ამ დღეს ისინი დიდხანს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც მათ წარმოედგინათ, რადგან მეგობრის რჩევა სტრესის მოსახსნელად ნოდოს გაუთვალისწინებლად უმწეო მდგომარეობაში ჩააგდებს, სალომე კი ბრაზდება და თვრება;
- 2. ლევანი და მაკა გადადიან საცხოვრებლად მაკას მშობლებთან რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდა წყვილს სიყვარული და მოფერება შესაძლოა სპონტანურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოუნდეთ და რა მათი ბრალია, თუკი ოჯახს სადილად ლობიო აქვს, მწნილს კი აივანზე ინახავენ, სადაც ვერ აღმოჩნდები, თუ ლევანის და მაკას საძინებელი ოთახი არ გაიარე;
- 3. სამი მეგობარი გენო, დათა და კირპიჩა დათას ბიძის გასვენების შემდეგ წყნეთის აგარაკზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად ადიან გასართობად და სტრესის მოსახსნელად. თან მიაქვთ ქელეხიდან გამოტანებული საჭმელ-სასმელი, გენო კი ცოლის გაკეთებულ სოკოს წაიღებს, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია - მოწმდება თუ არა ლაბორატორიულად ყოველდღე სასმელი წყლის ქიმიური შემადგენლობა;
- 4. გიგა და ნათია სამი წელია ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ ჯერ შვილი არ ყავთ, ნათია მარხვაზეა, გიგაც, თუმცა ნათია არაა დარწმუნებული, რომ გიგას სამსახურში ყოფნისას სული არ წასძლევს, გარშემო ხომ ამდენი ცდუნებაა-გიგას ახალი სიმპატიური უფროსი, გემრიელი საჭმელები. ქმრის შთაგონების წყაროდ დარჩენა აუცილებელი ხდება, მაგრამ თავშეკავებაც ხომ ნებისყოფიანი ადამიანის თვისებაა;
- 5. ლიკა ზაზას ახალგაზრდა და ლამაზი ცოლია. ზაზა მასზე ძალიან ბევრს ეჭვიანობს. ის კარგი სამსახურის შემოთავაზებას იღებს საფრანგეთიდან- მაღალი ხელფასი და ორწლიანი კონტრაქტი. თუმცა ცოლს თან ვერ წაიყვანს, სურს რომ მათი შვილი, პატარა ალექსანდრე ქართულ სკოლაში შევიდეს და აქ აღიზარდოს. ლიკა აღმოაჩენს, რომ ეჭვიან ქმარს დედამთილიც ჰყავს ჩართული ცოლზე თვალთვალში, ყველაფერს კი ერთვება ძალიან უცნაური მოთხოვნა, რომელსაც ზაზა გამგზავრების წინ ცოლს წაუყენებს. რას იზამს ლიკა? - არადა ეს ექიმიც ძალიან თამამი და სიმპატიურია.